პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისას, არავის არ ეკრძალებოდეს, განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, კანდიდატის ნომინირება.
როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, მმართველი გუნდის პირველი და მეორე მოსმენის რედაქციას შორის არსებითი სხვაობა არ არის, ამიტომ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, ინიციატივისთვის პირველ მოსმენაზე მხარი დაეჭირათ, მეორეზე კი აღარ, ეს პოზიციის შეცვლა მისთვის გაუგებარია:
"მმართველი გუნდის პირველი და მეორე მოსმენის რედაქციას შორის არსებითი სხვაობა არ არის, არავის არ უკრძალავს კანდიდატის წარდგენას, ასეთ შემთხვევაში ყველა კანდიდატი მოვა პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა დეპუტატების მხარდაჭერა მოითხოვოს. ამ ცვლილებებით ვერ ვხედავ რაიმე წინაპირობას, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან არასამთავრობო ორგანიზაციას ეზღუდებოდეს კანდიდატის წარმოდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, ინიციატივისთვის პირველ მოსმენაზე მხარი დაეჭირათ, მეორეზე კი აღარ, ეს პოზიციის შეცვლა ჩემთვის გაუგებარია.
საბოლოო ჯამში, შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება არჩევა, რადგან სახალხო დამცველის ასარჩევად 90 ხმა არის საჭირო, ოპოზიციის მონაწილეობა საჭირო იქნება. ასე რომ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი არ ვიცით, რადგან არ ვიცით ვინ იქნებიან ნომინირებულნი კანდიდატად, ვინ ვის წარმოადგენს. მე პირადად თუ რომელიმე კანდიდატი მომეწონება დავუჭერ მხარს, თუ არ მომეწონება არ დავუჭერ. შევაფასებ პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მიხედვით.
ვერ ვხედავ პრობლემას შვიდი კანდიდატი იქნება, მეტი თუ ნაკლები. რა მნიშვნელობა აქვს სიმრავლეს? პროცესი ისედაც ჩაიშლება თუ ვერ შევთანხმდებით, ეს ხომ ის შემთხვევა არაა, როცა "ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას.
მე უფრო დიდი პრობლემა ის მგონია, რომ ამ ცვლილების გარშემო ისეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ეს პოლიტიკურად გამოიყენა ოპოზიციის ნაწილმა, რათა არ მიიღოს პროცესში მონაწილეობა. ეს რეკომენდაციის შესრულებას უშლის ხელს,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.