15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
პარლამენტი იმ კომისიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობს, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს - ვის რა მოთხოვნები აქვს ახალ სახალხო დამცველთან

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა შეკრება დღის მეორე ნახევარში დაიწყეს. ერთ საათზე მეტის ხნის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მხარეები მსჯელობდნენ, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტის სპიკერის ბრძანებულების შინაარსი. სწორედ ამ დოკუმენტში უნდა გაიწეროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის შერჩევა მოხდება. ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებმაც სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, ამბობენ, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ჩართულები იქნებიან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებენ სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამბობენ, რომ მომავალი ომბუდსმენის შერჩევაში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია და სახელისუფლებო გუნდი პროცესში მარტო არ უნდა დარჩეს.

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაუწერა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავად პროცესის ინკლუზიურობას უზრუნველყოფენ, ოპოზიციამ კი საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს.

ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც დღეს კონსულტაციებში ჩართვაზე უარი თქვა, "სტრატეგია აღმაშენებელი" იყო.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ პროცესიდან გათიშვა მხოლოდ თავად პარტიებს დააზიანებს და მათი ეს გადაწყვეტილება 12 პუნქტის შესრულებას ხელს ვერ შეუშლის.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები უკვე დაამტკიცა. ახლა პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემით უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი საკონკურსო კომისია შეიქმნება და 9-კაციანმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს თუ ვინ აკმაყოფილებს მომავალი სახალხო დამცველის კრიტერიუმებს.

 

დღის ამბები