"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას. მისი თქმით, მათ აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები.
"რაც შეეხება იმ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად ასეთია factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან კონკრეტულ სახელებს და გვარებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან. არის რამდენიმე ყველზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. რა თქმა უნდა, როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინცდამაინც დიდი კითხვის ნიშნები არ გვაქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებამ, უნდა განავითაროს საკუთარი მსჯელობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ხარჯები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამის ვალდებულება მათ დღეს კანონით არ აქვთ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მორალური ვალდებულება თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება დამატებით დასკვნებს გამოიტანდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.