უკრაინა ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომლებსაც საქართველოს პრემიერი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტისას განიხილავს.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ბერლინშია, ოფიციალური ვიზიტი კი ხვალ იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერს პირისპირ შეხვდება.
ანგელა მერკელის პოსტიდან წასვლის შემდეგ ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის პირველი პირისპირ შეხვედრაა.
გერმანიის მხარემ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრის შემდეგ ბერლინის ფედერალურ კანცელარიაში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
სავარაუდოდ, ორი მხარე ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივ თანამშრომლობასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, განიხილება ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
"გერმანიას, ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას ევროკავშირის წევრებს შორის, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტი არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია აქცენტს გერმანიის კანცლერის განცხადებაზე აკეთებს:
"ამ ვიზიტს წინ უძღვის და ეს მინდა განსაკუთრებით გამოვყო, ბატონი კანცლერის განცხადება, რომელიც მან პრაღაში გააკეთა, სადაც ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მკაფიო პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების, მით უფრო, მან თქვა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ყოველდღიურად რუსული საფრთხის ქვეშ დგანან, როგორიც საქართველოა, ამ გლობალური გამოწვევების ფონზე სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, ასე რომ ეს მხარდაჭერა გაცხადდება ხვალ," - განაცხადა ლევან იზორიამ.