ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო წრეებში გააქტიურდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით თავისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, რუსები შავ ზღვაზე მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიან, სპეციალისტების აზრით, კრემლს ისევ ექნება რეგიონში აგრესიული ქმედებების განზრახვა და მათი თქმით, ამ აგრესიის შესაკავებლად, ვაშინგტონის სტრატეგია და ალიანსის ძალების ვალდებულებები შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით, აუცილებელია.
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საბოლოო დასკვნების ფორმირება, შავ ზღვასთან დაკავშრებით, შეერთებული შტატების ყოვლისმომცველი სტრატეგიით უნდა მოხდეს. მას მხედველობაში აქვს ამერიკის კონგრესში, სენატორების ჯინ შაჰინის და მით რომნის მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი - "2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი", რომელმაც უნდა დაავალდებულოს ამერიკის მთავრობა, ჩამოაყალიბოს სტრატეგია შავ ზღვასთან დაკავშირებით, რაც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს. კანონპროექტი ჯერ არც ერთ პალატაში არ დაუმტკიცებიათ.
"რუსეთის სამხედროებმა არა თუ ვერ მოახდინეს ის შთაბეჭდილება რასაც ელოდნენ, უარესი შედეგი დადეს, რაც კი ოდესმე წარმომედგინა. განსაკუთრებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც დღეს ყირიმის უკან იმალება და უკრაინის სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებას უფრთხის. უკრაინას სამხედრო ფლოტიც კი არ ჰყავს. შავ ზღვაზე დომინირებისთვის რუსებმა სტრატეგიული მოსაზრებებით, შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მოკავშირე თურქეთთან და ბულგარეთთან ურთიერთობები განავითარეს. აშინებენ მოლდოვას და საქართველოს. იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები არ არიან, მათ შეძლეს ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებებით გამოყენება," - აცხადებს ჰოჯესი.
"კურიერის" შეკითხვაზე, აქვს თუ არა ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით რამე სტრატეგია, ვიდრე კანონი კონგრესში დამტკიცდება, ნედ ფრაისმა ხაზი გაუსვა, თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს და თქვა, რომ ამ თემაზე მათ განხილვები კონგრესშიც აქვთ.
"თქვენ ისმენთ, რომ ვსაუბრობთ ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ყველა პარტნიორთან და რა თქმა უნდა, ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მხარისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ეს რეგიონი მდიდარია ენერგო და ბუნებრივი რესურსებით, შეერთებულ შტატებთან მეგობრობის თვალსაზრისით. თქვენ აღნიშნეთ, რომ რეგიონში ჩვენი რამდენიმე ნატოელი მოკავშირეა. ვსაუბრობთ ჩვენს ვალდებულებებზე მათ დაცვასთან დაკავშირებით, მათთან თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების მისაღწევად და საერთო ღირებულებების დასაცავად. ამას განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან კონგრესშიც," - განაცხადა ნედ ფრაისმა.
2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი ამ დროისთვის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გაგზავნილი და მისი განხილვა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მომდევნო სესიებზე უნდა გაგრძელდეს. კანონპროექტს 11 თანასპონსორი ჰყავს. მათ შორის არიან სენატორები ბენ კარდინი, ემი ქლობუჩარი, რობ პორტმანი და სხვა გავლენიანი კანონმდებლები.