დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ბრძანებულებას გამოსცემს ომბუდსმენის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. დღესვე შალვა პაპუაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები დაესწრებიან. შეხვედრაზე არ აპირებს მისვლას "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის პოზიციაც უცვლელია.
პარტია კოლეგებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა პროცესში, რადგან, მათი განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ვერსია ღია და გამჭვირვალე პროცესს არ გულისხმობს.
"არც ერთ შემთხვევაში "სტრატეგია აღმაშენებელი" ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კანონი, რომლითაც მათ შემოიტანეს დამატებითი ბუღალტერია ბიუროკრატიული სახალხო დამცველის მექანიზმთან დაკავშირებით ისახავს ერთადერთ მიზანს, როგორმე სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებული პროცესი. მე, როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რაც გვქონდა ოპოზიციასთან ამ შეხვედრაზე არანაირ დამატებით შეხვედრებში მონაწილეობს აღარ აპირებს,"-განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
განსხვავებული დამოკიდებულებაა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერ კოლეგას კონსოლიდირებისკენ მოუწოდებს. აქვე გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ იმოქმედოს ერთობლივად.
"ყველამ თავის საქმიანობას და პოლიტიკური ინიციატივებს მიხედოს. ოპოზიციის ოპოზიციონერობა აქ ნამდვილად არავის არ სჭირდება, დღეს ყველაზე მთავარია ოპოზიციის კონსოლიდირება და ერთად ბრძოლა. არა მარტო არა მხოლოდ ეს წესი, რომელი წესიც ერთპიროვნულად მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და ასევე აპირებს გააგრძელოს, არამედ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ თუ უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით ერთობლივად და არა ცალ-ცალკე ეს უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი საერთო საქმისთვის,"-აცხადებს ბოტკოველი.
ამასთან, ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებს არც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრიც. ლევან იოსელიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც პირს აქვს საპარლამენტო მანდატი და ის არ იღებს არცერთ პროცესში მონაწილეობას ე.ი ნიშნავს, რომ მას არ სურს შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.
"მგონია, სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობა არ გინდა. ეს ბრძანება არეგულირებს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატები, პროცესი იყო გამჭირვალე და აირჩიონ პარლამენტის წევრებმა ის კანდიდატი, რომელსაც უჭერენ მხარს. ყველა ვიცით, რომ სახალხო დამცველის წესზე შეთანხმება აუცილებელია .იმიტომ, რომ მმართველ პარტიას არ აქვს საკმარისი ხმები. თუ არ გინდა ამ საკითხზე შეთანხმება- ნიშნავს, რომ გინდა ეს საკითხი ჩავარდეს და თუ გინდა ეს საკითხი ჩავარდეს- ნიშნავს, რომ არ გინდა შესრულდეს რეკომენდაციის მუხლი,"-განაცხადა იოსელიანმა.
ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. სპიკერის თქმით, "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელს," სადავეები გაექცა და პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ყველა ზღვარს არიან გაცდენილები".