15 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
იკვეთება მათი განზრახვა, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას და იმ პროცესს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის - კობახიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ომბუდსმენის არჩევის პროცესს ემიჯნებიან, გამოხატავენ განზრახვას  ხელი შეუშალონ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

" ბუნებრივია, ისინი ვერავის ვერ მიაყენებენ შეურაცხყოფას, პირდაპირ რომ დავარქვათ სახელი, ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე და ჩიხლაძე. საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს არის კონტრპროდუქტიული ქვეყნისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას და ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის.

ჩვენ, როგორც საპარლამენტო პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შევთავაზეთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცედურა სახალხო დამცველის შესარჩევად და შემდეგ ასარჩევად. რეალურად, საბაბიც კი არ დარჩა რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს პროცედურა, თუმცა ზოგიერთი მაინც ახერხებს განუდგეს ამ პროცესსაც კი.

გვექნება თანამშრომლობა შესაბამის საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სწორედ ისინი შეარჩევენ კანდიდატურებს, ქულებით შეფასდება ყველა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ღია შერჩევაში მონაწილეობას. ამის შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დაასახლებენ კანდიდატებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება საქმეში უმრავლესობა. ვინც ამ პროცესს და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები