ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაცია მიმდინარეობს.
მთავარი თემა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებია. პარტიები წარმოადგენენ მათ მიერ ერთიანად შემუშავებულ პროექტებს. ისინი დღეს არასამთავრობოების მოსაზრებებს მოისმენენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების და საპარლამენტო ოპოზიციის პროექტების შეჯერება, ბევრ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და არის შანსი, რომ ერთობლივი წარდგინება მოხდეს პარლამენტის წინაშე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს რომ მათ 30-მდე კანონპროექტი აქვთ მომზადებული, თუმცა სამოქალაქო სექტორი არ ეთანხმება ყველა დოკუმენტის დარეგისტრირებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შეთანხმება ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობოებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის პრინციპული აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებები დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, ისინი ურჩევენ ოპოზიციას, რომ არ მოხდეს დეოლიგარქიზაციის კანონის ცალკე დარეგისტრირება, რადგან საიას ხელმძღვანელის მოსაზრებით ეს უფრო მეტად პრობლემების მომტანი იქნება, ვიდრე პრობლემის გადამწყვეტი.
საერთო სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის არმონაწილეობას აკრიტიკებს მმართველი პარტიის წევრი ალუდა ღუდუშაური. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც არც საპარლამენტო საქმიანობაში და არც ქვეყნის განვითარებაში არ მონაწილეობს, მხოლოდ პოლიტიზებულ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს.
"ამ დროს საკითხავია მაგიდაზე მათი სასაუბრო თემა არის თუ არა ის, თუ როგორ მოვიდნენ ეს ორი, რეალურად ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პირები ხელისუფლებაში," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფების მიღმა პროცესის წარმართვა.
"ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ და პარლამენტი არის იმის გარანტია, რომ ამ არგუმენტებზე ღია და გამჭვირვალე მსჯელობა იყოს," - აღნიშნა დავით სერგეენკომ.