15 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა  გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას.

ბატონი ცოტნე წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის, ამავდროულად, გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ცოტნე ყავლაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და ამასთან, პაპუაშვილი იმედს იტოვებს, რომ მის კანდიდატურას მხარს ოპოზიციაც დაუჭერს.

დღის ამბები