15 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის კონსულტაციები დასრულდა - მხარეები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის კონსულტაციები დასრულდა. მხარეები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ გაითვალისწინა მესამე სექტორის პოზიციები. პარტიებმა შესაძლოა დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტი ამ ეტაპზე აღარ წარადგინონ. ეს იყო არასამთავრობოების ერთ-ერთი რეკომენდაცია.

ოპოზიცია დასრულებულ დოკუმენტს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტზე სამშაბათს წარმოადგენს.

"შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ თეთრი კვამლი ამოვიდა ამ შენობის თავიდან, შევჯერდით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამშაბათს გამოვაქვეყნებთ შეჯერებულ დოკუმენტს სამოქალქო სექტორთან, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ყველა ვართ საერთო პოზიციაზე, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება. ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან, იმისთვის, რომ მინიმუმზე მინიმუმი პაკეტი დადებულიყო, რისი შესრულებაც დეკემბრამდე არის შესაძლებელი.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, დავეთანხმეთ, მძიმე დისკუსია გვქონდა, მაგრამ გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია, კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ჩვენი მხრიდან პარლამენტში," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ძირითადი ამოსავალი სამოქმედო გეგმა ეყრდნობა სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებულ ინიციატივებს:

"პრაქტიკულად, შევჯერდით შემდეგზე - ძირითადი ამოსავალი სამოქმედო გეგმა ეყრდნობა სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებულ ინიციატივებს და  სამოქმედო გეგმას. ასევე, გათვალისწინებული იქნა ოპოზიციური პარტიების - "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიც, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილში," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ამბობს, რომ საკითხები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, სწორად ასახავენ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების პრიორიტეტებს:

"ეს არის სამუშაო პროცესი, ჯერ ჩვენ რაიმე კონკრეტული დაწერილი გამზადებული დოკუმენტი არ გვინახავს, მაგრამ მოვისმინეთ ოპოზიციის გაერთიანებული ხედვები სხვადასხვა საკითხზე, ვფიქრობ, ეს საკითხები სწორად ასახავს პრიორიტეტებს, რომლებიც არის განსაზღვრული 12-პუნქტიან რეკომენდაციაში.

რაც შეეხება მათი შესრულების პერსპექტივას, ცხადია, ეს მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე არის დამოკიდებული," - განაცხადა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები