15 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველების განაცხადებს იღებს - დრო შეზღუდულია, ვადა 29 სექტემბრამდეა

მესამე დღეა საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველების განაცხადებს იღებს, დრო შეზღუდულია, ომბუდსმენობის მსურველებს ვადა 29 სექტემბრამდე აქვთ. შემფასებელი კომისია თითოეულ კანდიდატს ქულებს დაუწერს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯგუფი 9 ადამიანისგან უნდა დააკომპლექტოს, თუმცა მანამდე შალვა პაპუაშვილი ოპონენტებთან კონსულტაციებს გამართავს. ყველა მინუს ერთი - ამ აუდიენციებში მონაწილეობის მიღებაზე უარს კვლავ "სტრატეგია აღმაშენებელი" ამბობს. პარტიისთვის სახალხო დამცველის შერჩევის ახალი, ერთჯერადი წესი გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ეს გადაწყვეტილება და კრიტიკა მმართველი პარტიისთვის გაუგებარი და უსაფუძვლოა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ ოპოზიციური პარტიის მიზანი მხოლოდ დესტრუქცია და რეკომენდაციების შესრულების პროცესის ხელის შეშლაა.

სავარაუდოდ, შემფასებელი კომისიის ჩამოყალიბების მიზნით კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოში უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პროცესის მიმართ ოპოზიციის ნაწილი კრიტიკულია, ისინი შეხვედრებში მონაწილეობას მაინც აპირებენ.

სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროცესის მეტი ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობისთვის, თავად კანდიდატის დასახელებას არ აპირებენ. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მათთვის მიუღებელია.

ვინ იქნება სახალხო დამცველი, ჯერ უცნობია. კონსულტაციებს საკითხზე აქტიურად მართავს მესამე სექტორიც, საკუთარ კანდიდატებს მომდევნო კვირას დაასახელებენ. მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ ახალი ომბუდსმენის არჩევა.

დღის ამბები