02 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი სამოქალაქო მანქანას ტანკიდან გაუხსნეს - ომის 207-ე დღე უკრაინაში

ხარკოვის ოლქის საზღვრისპირა სოფელ სტრელეჩიეში ოკუპანტებმა ტანკიდან სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ორი ქალი.

ღამით რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სასტუმრო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე მსხვერპლი არ არის.

ღამით დაიბომბა მიკოლაევი. შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლებაც.

პარალელურად უკრაინული მედია იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ იერიში მიიტანა მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 13 უბანზე და საზენიტო-სარაკეტო სისტემების 3 პოზიციაზე ლუგანსკის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების მეთოდს ნაცისტების მსგავსად რაშისტებიც იყენებენ.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასე იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები და ისინიც ისევე აგებენ პასუხს, ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ დავადგენთ ყველას ვინაობას, ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე. წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განვლილი დღის განმავლობაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვის ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია თანდათან, ეტაპობრივად დევნიან რუსებს ჩვენი მიწიდან, მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება ძალისხმევა, ჯერ კიდევ გვჭირდება სრული კონცენტრირება დაცვაზე და მთელი ძალების შენარჩუნება," - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე, რუსები კი ცდილობენ მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა ამოიღონ და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

"მტერი კვლავ ცდილობს დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციას. აქტიურად ატარებს საჰაერო დაზვერვას. მტერი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას, ბომბავს ინფრასტუქტურას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

მტერმა იერიშები მიიტანა სამოქალაქო ობიექტებზე ზაპოროჟიეს გარეუბანში, ასევე ქალაქ ჩუგუივსა და კრამატორსკში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. დაზიანებულია 30 ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა. მტერი ასევე იერიშებს ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემებიდან. ხერსონის რეგიონის დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხარკოვის რეგიონიდან უკან დახევისას, ბალტიის ფლოტის მე-11 არმიის კორპუსის ნაწილებმა დაკარგეს პერსონალის 50% -ზე მეტი და 200 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა მტერმა ავდივის მიმართულებით. ჩვენმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების იერიშები," - თქვა სტუპუნმა.

დღის ამბები