მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას განაგრძობს. პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები დღეს სასამართლო რეფორმის თაობაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლსა და საარჩევნო რეფორმას, რომლებიც ასევე 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ნაწილია, ორივე მათგანს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააინიცირებენ, რის შემდეგაც საკითხების განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება. თავის მხრივ, მუშაობას განაგრძობს ოპოზიციაც, რომელიც მათ მიერ მომზადებული პროექტების ინიცირებას საკანონმდებლო ორგანოში ეტაპობრივად აპირებს. ოპოზიციის ნაწილი თემაზე სასაუბროდ არასამთავრობოებთან შეხვედრას ხვალ მართავს.
"რასაც ვუყურებ, სხვა ჯგუფთან მიმართებაში, სასამართლოზე კონსენსუსი მიღწევა არ იქნება ადვილი. აუცილებელია სასამართლოში გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი გაუმჯობესდეს. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი ფორმით პროცესის წარმართვის, სადაც ოპოზიციის ნაწილი ცალკე კანონებზე მუშაობდა, მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი მოეტანათ და ჩვენს ნამუშევარს თავი ერთად მოეყარა - განგვეხილა ეს ერთად ყველაფერი სამუშაო ჯგუფებში,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.
ამასთან, კოლეგისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიცია აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრს. როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მის პარტიას აქვს მომზადებული 100-გვერდიანი შეფასების დოკუმენტი.
"მთავარია, არა რამდენი სამუშაო ჯგუფი და რამდენ საათიანი შეხვედრა გაიმართება, არამედ რა შედეგს დადებს სამუშაო ჯგუფი. ჩვენ კანონპროექტი მომზადებული გაქვს. მომზადებული გვაქვს 100-გვედიანი შეფასების დოკუმენტი, აქამდე რა და როგორ არ წავიდა სწორად სასამართლო რეფორმის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება არგუმენტირებულად წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა. აქამდე მე "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფის შედეგი არ მინახავს,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის მოსაზრებას. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრები მიმდინარეობს კონსტრუქციულად. მათივე თქმით, ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური სამუშაო პროცესი არის ის სადაც მონაწილეობს "ქართული ოცნება".