"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან, შესაძლოა, პროცესზე, დაცვის მხარის მოთხოვნით, დაკითხონ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯიდიაის" წარმომადგენელი, რომელიც წინა სხდომაზე მოწმეთა ნუსხაში შევიდა.
"დღევანდელი სასამართლო სხდომა დაიწყება მხარეთა მიერ შესავალი სიტყვების წარმოთქმით. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება მოწმის დაკითხვა და დასკვნით სიტყვებზე გადასვლა, ეს, პრინციპში, დამოკიდებულია სასამართლოს მონდომებაზე და იმაზე, თუ რამდენ ხანს გამოყოფენ ამ პროცესისთვის. ჩვენ, დაცვის მხარე მოტივირებული ვართ, რომ საქმის განხილვა დასრულდეს რაც შეიძლება მალე," - ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
რაც შეეხება სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეს, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში ორივე მხარემ გაასაჩივრა. ამ საქმეზე ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
"დაცვის მხარე თუ წარმოადგენს მოწმეს, რომლის დაკითხვაც უნდა მოხდეს, მოხდება აღნიშნული მოწმის დაკითხვა. მთავარი არის მტკიცებულებები, რომელიც არის წარდგენილი სასამართლოში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო შეცვლის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობს სამივე წარდგენილ ბრალდებაში, ასევე ზურაბ იაშვილს და კახაბერ დამენიას ცნობს დამნაშავედ იმ ბრალდებაში, რომელიც პროკურატურის მიერ იქნა წარდგენილი,“ - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ფრაქციაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესის სამართლიანი იმედი არ გააჩნიათ.
"დღეს ვართ ნიკა გვარამიას ე.წ. სასამართლო პროცესზე, რომელსაც ასამართლებენ იმის გამო, რომ თითქოს მისი კომპანიის ავტომობილით მეუღლე გადაადგილდებოდა. სრული სიგიჟეა. სასამართლო პროცესის სამართლებრივი იმედი ცხადია არ მაქვს," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ სწორედ დეპოლარიზაცია, რომლის შესახებაც ევრორეკომენდაციების 12 პუნქტში არის საუბარი, გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები აღარ უნდა იყვნენ.
"დეპოლარიზაციაზე როცა ვსაუბრობთ და იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, ის 12 პუნქტი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში აღარ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. დეპოლარიზაცია ბუნებრივად ვერ მოხდება, როდესაც ერთ მხარეს მეორე ჰყავს დაჭერილი," - განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.