საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტზე გამოვიდა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე, როგორც მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, განხილული იყო ის მთავარი საკითხები, რომლებიც თბილისს სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივ ურთიერთობებში აქვს, თუმცა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა, მით უმეტეს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე.
საქართველოს დელეგაცია ხაზს უსვამს თბილისის სამშვიდობო-სამეზობლო პოლიტიკას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის გართულებული ურთიერთობების დროს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მედიაციის პროცესში, რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების გასამტკიცებლად.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
უკრაინაში ომის თემას შეეხო პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზეც. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული დღის წესრიგი მთლიანად შეარყია. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დაუდასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ ადმინისტრაციის ერთგულება და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობა.
საქართველოს პრემიერი დღეს სიტყვით გამოვიდა განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტზე, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით ჩატარდა. პრემიერმა თქვა, რომ მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაიზარდოს. მან გამოსვლის დროს ხაზი უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვის გაიოლებულ პროცედურებს.
გენერალურ ასამბლეაზე გენერალური დებატები რამდენიმე საათში დაიწყება. პრემიერის სიტყვით გამოსვლა ხუთშაბათს არის დაგეგმილი. ხვალ უნდა გამოვიდეს მოხსენებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სავარაუდოდ, ამერიკის და მისი მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლის მთავარი თემა უკრაინა და რუსული აგრესია იქნება. ასევე, ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის აუცილებლობა. ადმინისტრაციაში თქვეს, რომ საერთაშორისო წესრიგის მიმართ პატივისცემა მთავარი გზავნილია.