პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება. სესია ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარტიები არა უნდა ემზადებოდნენ რევოლუციისთვის, არამედ მათი მთავარი ამოცანა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება უნდა იყოს.
"იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის და ბორელის შეხვედრის შემდგომ ცხადად არის ასახული, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განვლო ამ პერიოდის განმავლობაში. აქვე, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმის მნიშვნელობას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელიც 12 პუნქტად არის ჩამოყალიბებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბორელის გზავნილები და მიმართა აბსოლუტურად ყველა სუბიექტს, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული. მთავარია ვემზადოთ არა რევოლუციისთვის, არამედ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეალურად გააკეთოს ყველაფერი რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად,"-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, დასავლელ პარტნიორებს მკაფიოდ დაანახა თუ რეალურად ვის სურს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
"2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. სულ მცირე ამომრჩევლის 70 % ექნება შესაძლებლობა ელექტრონული აპარატით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. მმართველი გუნდის ინიციირებულმა კონკრეტულმა გეგმა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით და მიზნობრივმა ნაბიჯებმა ჩვენი საზოგადოება და დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ ვის უნდა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ვინ დგამს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებს,"-აცხადებს გივი მიქანაძე.