წელს საარჩევნო ბარიერის საკითხს არ განვიხილავთ, შეიძლება, გაისად მივუბრუნდეთ, შეიძლება, 2024 წელს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
"აქ არის მარტივი წინაპირობა და წინაპირობა არის პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით მეტია რისკი სტაბილურობის და შესაბამისად, ნაკლებია მოტივაცია, რომ დაინერგოს დაბალი ბარიერი. რაც უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი და მეტია სტაბილურობის ხარისხი, ბუნებრივია, ჩვენ მეტი მოტივაცია გვექნება, რომ ბარიერი დაბლა დავწიოთ. 5%-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, არის დანერგილი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში და შესაბამისად, ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ არის. თუ ვნახავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვიფიქრებთ ბარიერის დაწევაზე," – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ მოხდება წელს, რადგან პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, თუმცა ახლა პოლარიზაციის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე თუნდაც, რამდენიმე თვის წინ იყო, რადგან ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დასუსტებულია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მოცემულობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. რეალურად, დეპოლარიზაციის მთავარი წამალი სწორედ ეს არის. ანუ, მთავარი პრობლემა პოლარიზაციაც არ არის, მთავარი პრობლემაა რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილის ქმედებებში ვხედავთ," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.