რუსეთი ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს, პუტინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ახალი ღონისძიებები დღეიდან, 21 სექტემბრიდან დაიწყება.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით ანტირუსული და აგრესიული პოლიტიკით დასავლეთმა ყველა საზღვარი გადაკვეთა და ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი უნდა გაანადგურონ.
"ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ჯალათებს დავუტოვოთ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების პარლამენტებმა, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, ამ ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და მოგვმართეს ჩვენ, რუსეთს თხოვნით, დავუჭიროთ მხარი ამ ნაბიჯს.
დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ არა მხოლოდ ნეო-ნაცისტურ დაჯგუფებებს, არამედ, ფაქტობრივად, კოლექტიური დასავლეთის სამხედრო მანქანას. ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად მივიჩნევ თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შეთავაზების მხარდაჭერას, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე.
თავისი ანტირუსული, აგრესიული პოლიტიკით დასავლეთმა ყველა საზღვარი გადაკვეთა. დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი უნდა გაანადგურონ. ჩართეს ბირთვული შანტაჟიც, ზოგიერთი მაღალჩინოსანი საუბრობს ბირთვული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობასა თუ დაშვებაზე. ვინც საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ასევე ფლობს განადგურების იარაღს , რიგ შემთხვევაში ნატოს ქვეყნებზე თანამედროვესაც კი. ჩვენ უდავოდ გამოვიყენებთ ყველა არსებულ რესურსს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ეს არაა ბლეფი," - თქვა პუტინმა.