15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ასოცირების კომიტეტის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გვაქვს დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის მიღება -  კობახიძე

საკანონმდებლო ორგანოში, ამ წუთებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე მსჯელობენ.

ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს გააცნობენ, თუ რა ეტაპზეა რეკომენდაციების შესრულების პროცესი. სხდომას, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ესწრება.

ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გუშინ დაიწყო - ევროპელი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"ასოცირების კომიტეტის თბილისში გამართვა, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ ფორმატს გამოვიყენებთ, მათ შორის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ჩვენი გზავნილები ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტიდან.

ჩვენ თავის დროზე წარვუდგინეთ საზოგადოებას 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, შინაარსიც და ვადებიც იყო დაკონკრეტებული, თავიდან ბოლომდე მივყევით ზედმიწევნით ამ ვადებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, მათ შექმნეს პარალელური პროცესი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო და არის. მიუღებელი იყო ოფიციალური საპარლამენტო ფორმატები, სადაც ისინი უნდა ჩართულიყვნენ, მათ ეს არ გააკეთეს და მის სანაცვლოდ მათ შექმნეს საკუთარი პარალელური არაოფიციალური ფორმატი," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები