ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებას - 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.
"პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით," - წერენ დეპუტატები.
"გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი, რომელშიც ვაჩვენეთ ყველამ ერთად თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას, რომ წავიდეს კომპრომისზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული ყველა საკითხი, აი ეს არის სწორედ ინკლუზიურობა და გახსნილობა და შეგიძლიათ ნახოთ ის დამატებითი საკითხები, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით. ჩემთვისაც რთული იყო ამ მინიმალურ პაკეტზე დათანხმება, მაგრამ ამით ჩვენ ვაჩვენებთ იმ კომპრომისულობას, იმ თანხმობისკენ სვლას, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას,“ - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და "ოცნება" მას აღარ დაუბრუნდება, რაც შეეხება რიგ კანონპროექტებს, მაგალითად დეოლიგარქიზაციის პროექტზე თავად ოპოზიციამ დაიხია უკან, რადგან თავად დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა დაფინანსების წყარო აღარ ჰყოლოდა. ანტიკორუფციულ კანონს კი ხელისუფლება დაგეგმილი ვადების ფარგლებში მიიღებს.
"19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული და ეს ძალიან კარგად იციან მათ. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის შემცირებას, ამ ინიციატივას არ განვიხილავთ, შეიძლება განვიხილოთ გაისად, შეიძლება 2024 წელს. დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, მათ კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ ეშინიათ, მოყვება ამ კანონის ქვეშ კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები მოყვებიან, ამიტომ არ უნდათ ამ კანონის მიღება.
რაც შეეხება ანტიკორუფციულს, ჩვენ გავამზადებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. ყველა მიმართულებით აუცილებლად, ჩვენ გვექნება ჩვენი ინიციატივები და გავყვებით შესაბამის კანონპროექტებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველა იდეისთვის და მოსაზრებისთვის მზად არიან, თუმცა არის საკითხები, რაშიც უმრავლესობას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ერთ-ერთი მათ შორის კი სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტს ეხება.
"ყველა იდეისთვის და ყველა მოსაზრებისთვის როგორც ამ დრომდე იყო ღია კარი, ასევე დარჩება ღია კარი, თუმცა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. მაგალითად, მიშელის დოკუმენტის აღდგენასთან დაკავშირებით შემოთავაზება, მემგონი თვითონაც გადასარევად იციან, რომ ეს არ არის სწორი. თუ კი რომელიმე იდეას მიშელის დოკუმენტიდან თვლიან, რომ აქტუალური და საჭიროა, რა საკვირველია ეს შეიძლება, რომ იქნას განსახილველი, მაგრამ არამც და არამც ეს არ შეიძლება განვიხილოთ, რომ მიშელის დოკუმენტი არის აღსადგენი, არც ერთი ამას არ ამბობს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.