გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილი პრემიერ მინისტრის გამოსვლას თავადაც ესწრებოდა.
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, მთავრობის მეთაურმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან აქცენტზე გაამახვილა.
"პრემიერ-მინისტრის მთავარი აქცენტები იყო მიმართული ყველა იმ გლობალური თუ ლოკალური რეგიონული გამოწვევების მიმართულებით, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის რეგიონული უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პოლიტიკისკენ.
შემდეგი მთავარი აქცენტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხრიდან გაკეთდა, ეს იყო ძალიან ღია მიმართვა ჩვენი ძმებისა და დებისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ჩვენი თანამოქალაქეების მისამართით.
და ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს და აუცილებლად გააგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი მომავალი, რომელიც არის მთავარი მექანიზმი ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ და საქართველოს მთავრობის მეთაური იქნება ადამიანი, რომელიც გაუძღვება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს," - განაცხადა დარჩიაშვილმა.