რა შეფასებები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან გამოსვლას. ოპოზიციის ნაწილი პრემიერის გამოსვლას აკრიტიკებს. "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ისურვებდა რომ პრემიერი საკუთარი განცხადებების ლიდერი დარჩეს.
"მე ერთი რამ შემიძლია ვისურვო, ის გზავნილები, რაც პრემიერს ჰქონდა გახმოვანებული გაეროს ტრიბუნიდან, იმ გზავნილებს უერთგულოს, როცა საქართველოში ჩამოვა და გააგრძელოს ამ ყველაფერზე საუბარი. ვისურვებდი იმ ტექსტის ერთგული დარჩეს, შიდა პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად და ამ ნაწილში მაინც პოლიტიკური სპექტრი ვიყოთ ერთსულოვანი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, "როგორც კი უკრაინა საკუთარ ფრონტზე წარმატებას აღწევს, "ქართული ოცნება" ცდილობს შედარებით პროდასავლური იყოს და შედარებით სწორი განცხადებები აკეთოს." მისი თქმით, გაეროს ტრიბუნაზე ერთი გამოსვლა პარტნიორის თვალის ახვევის მცდელობაა და რეალობას არ ცვლის.
რაც შეეხება გახარიას გუნდს, პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრემიერის განცხადება საოცარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აბსოლუტურად რეალობასაა აცდენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.