საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია იმ საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და მთლიანად მოწესრიგება.
"ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს," - აცხადებს კახა კალაძე.