15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ნიკა მელია არ შეესაბამება თავის თანამდებობას და პარტიას უფრო პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს - ოპოზიცია "ნაცმოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დამოკიდებულებები და მისი გავლენა ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობის საგანია. ნიკა მელიას კრიტიკის შემდეგ კეზერაშვილის მხარდამჭერი განცხადებები "დროას" ლიდერმა გააკეთა. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ახლა ე.წ. "რაზბორკების" დრო არ არის. ოპოზიციის ნაწილი კოლეგებს მოუწოდებს საქმეზე კონცენტრირდნენ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ნიკა მელია არ შეესაბამება თავის თანამდებობას და პარტიაში ჩამოშლილია შიდა მართვის მექანიზმები, რაზეც რაქვიაშვილის თქმით, პასუხისმგებელი სწორედ ნიკა მელიაა.

"მე მგონი, უბრალოდ, ნიკა მელია არ შეესაბამება თავის თანამდებობას და ასეთ დიდ ოპოზიციურ პარტიას ბევრად უფრო პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს. მითუმეტეს როცა ასეთი შიდა დაპირისპირება იწყება და გარჩევა ვინ ვის უნდა აფინანსებდეს, როგორ უნდა აფინანსებდეს, აფინანსებდეს თუ არა, ეს უბრალოდ მიუთითებს რომ პარტიაში ჩამოშლილია შიდა მართვის მექანიზმები, რაზეც ცხადია რომ ნიკა მელიაა პასუხისმგებელი. ამიტომ, მე მგონია ზოგადად ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში სწრაფად დაასრულონ ეს შიდა დაპირისპირება," - აცხადებს რაქვიაშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ის რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება შიდა პარტიული საკითხია და სხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები შიდა საქმეებთან დაკავშირებით ზედმეტია.

""ნაციონალურ მოძრაობაში" რაც ხდება, ეს არის მისი მხარდამჭერების, წევრების და ამომრჩევლების საკითხი. სხვა პარტიის წარმომადგენლის მხრიდან შეფასება რა უნდა გააკეთოს თავმჯდომარემ, რა უნდა გააკეთოს პოლიტსაბჭომ, ვინ უნდა დააფინანსოს, არ უნდა უნდა დააფინანსოს, - არის ზედმეტი ჩემი მხრიდან. მე ვეუბნები, რომ კარგია მალე ჩამოყალიბდნენ, მალე შეთანხმდნენ, მალე შემოვიდნენ ბრძოლაში," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები