პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია "ქართულმა ოცნებამ" პირნათლად შეასრულოს დაპირება ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით.
"სახალხო დამცველი შერჩევის პროცედურა პარლამენტმა მიიღო, ეს უკეთესია იმ რეგულირებებთან დაკავშირებით, რომელიც მანამდე არსებობდა, მაგრამ მთავარი არ არის სამართლებრივი რეგულირება, მთავარია პოლიტიკური შინაარსი, როგორ უზრუნველყოფს "ქართული ოცნება" თავის დაპირებას და როგორ მისცემს საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შეარჩიონ სახალხო დამცველის კანდიდატი, წარადგინოს და მხრი დაუჭირონ. ეს იქნება ტესტი, რამდენად გაამართლებს ჩვენს მიერ მიღებული პოლიტიკური ცვლილება,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე კოლეგებს მიმართავს, რომ ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც ქართულ ოცნებას სასურველი კანდიდატის გამარჯვებაში დაეხმარება, მისთვის ოპოზიცია აღარ იქნება.
"ვენდობით სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებულ პროცესს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. დარჩენილია სამი დღე, იმედი მაქვს, ამ დღეებში ისინი წარმოგვიდგენენ კანდიდატებს. ჩვენ შევეცდებით ავარჩიოთ ღირსეულთა შორის ღირსეული და არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საკუთარი თაღლითური სქემის განხორციელების შესაძლებლობა. ნებისმიერი ოპოზიციონერი ვინც დაეხმარება "ქართულ ოცნებას" მისთვის სასურველი კანდიდატურის გათრევაში ის ჩემთვის და "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" აღარ იქნება ოპოზიცია,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ომბუდსმენის კანდიდატს არ ასახელებს და სახალხო დამცველის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ხელოვნურს უწოდებს, რომელიც მიმართულია პროცესის დაზიანებისკენ.
ამასთან, გიორგი ამილახვარი მოქმედ ომბუდსმენს მიკერძოებულს უწოდებს.
"ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ დავასახელებთ და ამას მთლიანად დავუთმობთ საზოგადოებრივ, სხვა პოლიტიკურ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს . ამის შემდგომ სხვა ნებისმიერი განცხადება მხოლოდ მიზანმიმართულია, რომ შექმნილი ობიექტური კრიტერიუმები როგორმე დაზიანდეს. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას ის არის მიკერძოებული ადამიანი და ყოველთვის იყო ამ პროცესში და მის მოადგილეს თუ აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და შემდგომ ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილება,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი.