უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ რეფერენდუმების და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, ევროპარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა საგანგებო სხდომა გამართეს, რომელზეც სპეციალურად იყო მოწვეული ევროკომისიის წარმომდგენელი ლუკ დევიენი.
მან ევროდეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ევროკავშირი ამ პროცესების ფონზე.
გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, უკრაინის სამხედრო დახმარება და ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საზღვრებზე არსებულ ვითარებას, არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ მესამე ქვეყნების საზღვრებთან.
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი აცხადებს, რომ ყალბ რეფერენდუმს არ აღიარებს.
"დიდი შვიდეულის ლიდერების და ჩვენი რეაქცია პარტნიორებთან ერთად შემდეგია- ჩვენ არ ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმებს და მის შედეგებს . ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალ შემაკავებელ ზომებს ამ ესკალაციის საპასუხოდ და ასევე მინიშნებაზე ატომურ იარაღზე ან ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგ მუქარაზე , რაც რუსეთის ცინიკური მცდელობაა ძირი გამოუთხაროს უკრაინას. გაძლიერდა მზადება უკრაინაში ევროკავშირის ახალი სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრისთვის. რუსეთში მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში და აპროტესტებენ, მიუხედავად ძალიან სასტიკი რეპრესიებისა და ძალიან სერიოზული საფრთხისა, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ , გრძელდება რიგები სახმელეთო საზღვრებთან, ყაზახეთთან, საქართველოსთან, მონღოლეთთან , აზერბაიჯანთან. ეს ესკალაციული ნაბიჯები აჩვენებს რომ რუსეთში კრიზისია,"- აცხადებს დევინი.
ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინას მხარს უჭერს.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ უკრაინელების ძალიან წარმატებული სამხედრო კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონში, ცხადი გახდა, რომ ჩვენ მიერ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მცირე დროში მიაღწიონ გამარჯვებას. ჩვენ ევროპაში მუდმივად ვიმეორებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, თუმცა თუ შევხედავთ რიცხვებს, ჩვენი საერთო ძალისხმევით უკრაინას მხოლოდ 2.5 მილიარდი ევროს ოდენობის იარაღი მივაწოდეთ. ამერიკელებმა კი წლის დასაწყისიდანვე განსაზღვრეს უკრაინისადმი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო მხარდაჭერა. ამერიკელები აკეთებენ საქმეს. ევროპა სოლიდარულია, თუმცა ეს საქმეში არ გამოიხატება,"- აცხადებს კუბილიუსი.
ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან ვლოდიმერ ჩიმოშევიჩი აღნიშნავს, რომ ეს კვირა განსაკუთრებული იქნება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.
"არც ისე რთულია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში. ეს კვირა ალბათ განსაკუთრებული იქნება თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. მოსალოდნელია, რომ გამოცხადდება ყალბი რეფერენდუმის შედეგები, რაც დიდი ხანია პუტინის გეგმაშია. უნდა ველოდოთ უკრაინის ამ ნაწილების რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილებას, რასაც შემდგომ რუსეთის ე.წ. პარლამენტის ორი პალატა დაადასტურებს. დაგმობა არ არის საკმარისი. პუტინი, როგორც წესი, ცდილობს ნაკლები რისკის არსებობა წარმოაჩინოს, დღეს კი ის საპირისპიროს აცხადებს,"- აცხადებს ჩიმოშევიჩი.