15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი - თითქმის 2 თვიანი კონსულტაციების შემდეგ, მესამე სექტორმა პოზიციები შეაჯარა

თითქმის 2 თვიანი კონსულტაციების შემდეგ, მესამე სექტორმა პოზიციები შეაჯარა. ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები რეკომენდაციას სახალხო დამცველის თანამდებობაზე აღნიშნულ სამეულს უწევენ. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და აპოლიტიკური საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ის მთავარი კრიტერიუმები იყო, რის საფუძველზეც 52-მდე ორგანიზაციამ კანდიდატები შეარჩია. ახლა მათ პარასკევამდე პარლამენტს ოფიციალური განაცხადით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც სამივე კანდიდატი ომბუდსმენის თანამდებობისთვის ბრძოლის პროცესში ოფიციალურად ჩაერთვება.

სამივე პირს, რომელსაც მესამე სექტორი ნდობას უცხადებს, პოლიტიკური მხარდაჭერაც სჭირდება, როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი პარტიიდან.ხელისუფლების ოპონენტებს ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ და უახლოეს პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გეგმავენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დასახელებული კანდიდატები აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც სახალხო დამცველს სჭირდება.

პროცესს უნდობლობას უცხადებს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდი მესამე სექტორს კონსულტაციების არასაჯაროობის გამო აკრიტიკებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა კანდიდატი თანაბარი პრინციპით შეფასდება და რაიმე პრივილეგიით ვერ ისარგებლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან კონსულტაციის შემდეგ დღეს, კანდიდატების შემფასებელი 9 კაციანი კომისიაც დააკომპლექტა, რომელიც პროფესიული, აკადემიური წრეებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება. ოპოზიციის ნაწილს ჯგუფის წევრებთან კითხვები არ აქვთ. მათთვის მთავარია, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კომისიის წევრთა მიმართ ნდობა მაღალია, მათი კვალიფიკაცია კი შეესაბამება მოთხოვნებს. "ქართული ოცნების" განმარტებით, შემფასებელ ჯგუფში სრულფასოვანი პროფესიული წარმომადგენლობაა.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი ომბუდსმენის არჩევა. სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს და მას თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები