ნაციონალურ მოძრაობასა და აქტივისტ გიორგი მუმლაძეს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
გიორგი მუმლაძემ 19 სექტემბრის ჩხუბის დეტალები "კურიერთან" კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ მას პარტიის თავმჯდომარე კრიტიკული აზრის გამო სდევნის. მუმლაძე მტკიცებით, თენგო სანაიაც, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, "ნაცმოძრაობაში" მელიას ფლანგს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მუმლაძის განცხადებების საფუძველზე სანაიას სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. აქტივისტი ამტკიცებს, რომ არავის დაპატიმრება სურს, მისი მიზანი კი მხოლოდ პარტიაში არსებული სიტუაციის გასაჯაროებაა.
"გიორგის განცხადებების გამო მოვხვდი აქ, ეს ადამიანი ფულის გამო კადრულობს ყველაფერს" , - ეს სიტყვები თენგო სანაიამ გვიან ღამით პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ თქვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დღეს კამერებთან აღარ გამოჩენილა.
ბრალდებების პარალელურად ინციდენტს ამოწურულს უწოდებენ პარტიის ლიდერები.
ოპოზიციურ პარტიაში განვითარებულ პროცესებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალს აუცილებლად გაასაჯაროებს.
პოლარიზაცია, რომელიც პოლიტიკური პროცესიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ პარტიაში გადაიტანა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცესებმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მყოფი პირების რეალური მიზნები გამოააშკარავა. მმართველი გუნდის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის პირასაა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების წინაპირობად შეიძლება იქცეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხარდამჭერებსა და წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 19 სექტემბერს მოხდა. გიორგი მუმლაძის მტკიცებით, ჩხუბში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც მონაწილეობდა. მუმლაძე ლიდერს, რომლის დასაცავადაც პარტიის ოფისში ღამეებს ათენებდა, ახლა ზონდერად მოიხსენიებს, "ნაციონალურ მოძრაობისგან" კი კადრების გასაჯაროებას მოითხოვს.