15 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
"თვითგვემა მცდარი სტრატეგია მგონია ნებისმიერი ოპოზიციონერის მხრიდან, იმიტომ რომ პირველი, ვინც ამას იტაცებს, ეს არის "ქართული ოცნება" - გიორგი ვაშაძე  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებას, რომელიც ოპოზიციას ლიდერის ასარჩევად პრაიმერისის ჩატარებას სთავაზობს, კოლეგებისგან გამოხმაურებები მოჰყვა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე ნიკა ობოლაძეს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარ მოსაზრება, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციის ლიდერის არჩევა.

"ობოლაძეს აქვს იმის უფლება რომ ჰქონდეს თავისი აზრი, როგორ წარმოუდგენია როგორ უნდა აირჩეს ოპოზიციის ლიდერი. ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უკვე არჩეული ლიდერი, რომელიც არჩეულია მაღალი ლეგიტიმაციით," - ამბობს ანა წითლიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ კრიზისი შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს, რომელიც საკუთარ პარტიაში თავად უნდა მოაგვარონ. 

"ოპოზიციაში კრიზისი არ არის ის გზავნილი, რომელიც უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შეიძლება ნაცმოძრაობაში დიდი კრიზისია და ამას საკუთარ პარტიაში თვითონ უნდა მიხედონ. სტრატეგია აღმაშენებელში არანაირი კრიზისი არ გვაქვს, ძალიან კომპლექსურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. თვითგვემა მცდარი სტრატეგია მგონია ნებისმიერი ოპოზიციონერის მხრიდან იმიტომ, რომ პირველი, ვინც ამას იტაცებს, ეს არის ქართული ოცნება," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი მრავალპარტიულობის დადებით მხარეებზე საუბრობს. 

"მრავალპარტიულობა იმითაა კარგი, რომ არც ერთი კონკრეტული პარტიის კრიზისი ქვეყანას არ ემუქრება არაფრით.  მრავალპარტიულობა უზრუნველყოფს პოლიტიკურ სპექტრში იმ ძალების გაძლიერებას, გამოჩენას, შექმნას, რომლებიც გააგრძელებენ ქვეყნის წინსვლას.  შიდა გარჩევებით დაკავება და ამით ნიუსების გენერირება, ეს არც პოლიტიკაა და არც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები