ოპოზიცია ახალ ლიდერს ეძებს. ოპოზიციაში არსებულ სერიოზულ კრიზისზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალაპარაკდა. პირველი ნიკა ობოლაძეა, რომელიც თვლის, რომ ახალი ლიდერის მოსაძებნად შიდა არჩევნებია ჩასატარებელი. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრი საუბრობს იმაზეც, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმაც კი არა აქვთ. ნიკა ობოლაძის აღიარებას მისი პარტია უკვე გაემიჯნა.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება და ეს პოზიციები მათთან უკვე დაკავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის მიერ არჩეული ლიდერის ინიციატივა პირველივე დღეს ჩავარდა.
მთავარი მიზეზი, რამაც ოპოზიციაში კრიზისი გამოიწვია, ნიკა ობოლაძის აზრით, ლიდერის არ არსებობაა. ამბობს რომ ხელისუფლების ოპონენტ პარტიებს არ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა და არ ჰყავთ პასუხისმგებელი პირები. გამოსავალი კი რომლითაც ოპოზიციამ კრიზისი უნდა დაძლიოს, ობოლაძის აზრით, პრაიმერებია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსს შეეძლება და მათ შორის, ნიკა მელიას, რომლის საქმიანობითაც თავად უკმაყოფილოა და გადადგომასაც ურჩევს.
ნიკა ობოლაძემ საკუთარი პოზიცია თანაგუნდელებს უკვე გააცნო, თუმცა მხარდამჭერები ვერ მოიპოვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მათ პარტიას ლიდერი უკვე ჰყავს, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციითაა არჩეული.
ნიკა ობოლაძის პრეტენზიები სიახლე არ არის "ქართული ოცნებისთვის". სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ კრიზისი ოპოზიციაში არა ახლა, არამედ დიდი ხნის წინ დაიწყო.
ოპოზიციაში არსებული კრიზისის მიზეზად მმართველი პარტია მათი მხრიდან არასტრატეგიული და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ასახელებს. ნიკა ობოლაძის განცხადება კი მათთვის დღეს, ოპოზიციის ერთგვარი აღიარება აღმოჩნდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი ბოლო 1 კვირაა განხილვის მთავარი თემაა, თუმცა ამ პარტიაში ნიკა ობოლაძე პირველია, რომელმაც ღიად ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ პრობლემებსა და ოპოზიციაში ლიდერების დეფიციტზე.