ე.წ. გარეჯის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. დღეს გამოიკითხება 2 მოწმე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ბალავაძე.
სასულიერო პირი გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს იმ საჯარო განცხადებებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან კეთდებოდა.
"ნინო კალანდიამ გააკეთა განცხადება, რომ თურმე გარეჯი არ ყოფილა საქართველოსთვის კუთვნილი მიწა და ის აზერბაიჯანულ მხარესთან არის მიბმული, ასე გააკეთა მან ეს კომენტარი. ამასთან დაკავშირებით მე, როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელს, მქონდა მწვავე რეაქცია. განცხადება გავაკეთე თბილისის აეროპორტში და ეს განცხადება გახდა პროკურატურისთვის საინტერესო," - აცხადებს დეკანოზი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.
სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ივერი მელაშვილმა, ბრალდებული ამბობს, რომ ჩვენებები, რასაც პროკურატურის მოწმეები გამოძიებას აძლევენ, რეალურად მათი საწინააღმდეგო არ არის, თუმცა მოლოდინებზეც ვერაფერს ამბობს.
"მე ვერაფერი ვერ დავინახე და ვერ მოვისმინე ისეთი, რაც ჩვენს ბრალეულობას ამტკიცებს. არის ხოლმე, რომ შიგადაშიგ რომელიღაც მოწმეს შეიძლება თავისი მოსაზრებები აქვს, იყო მაგისთანა, გვახსოვს ჩვენ. დაუჯერებელი ფრაზებიც გაჟღერდა. რამდენად შეესაბამება და რამდენად ამტკიცებს ეს ჩვენს ბრალეულობას ვერ ვიტყვი," – აცხადებს ივერი მელაშვილი.
პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს. ბრალდებულები სასამართლომ გასულ წელს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
"ორი მოწმე დაიკითხება: ერთი არის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მეორე - პირი, რომელიც 2005 და 2007 წლის შეთანხმებებზე იყო მონაწილე პირი და აწერდა ხელს. მნიშვნელოვანი არის მათი ჩვენება იმ კონტექსტში, რომ საუბარი იქნება დავით გარეჯზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე, საჯარო განცხადებებზე, რაც იმ პერიოდში ოფიციალური პირების მიერ კეთდებოდა, ამის საპირისპირო რეაქცია, რაც საპატრიარქოს ჰქონდა. რაც შეეხება მეორე მოწმის შემთხვევას, ზოგადად მისი ჩვენების ანატომია მნიშვნელოვანი იქნება იმ კონტექსტში, რომ წარმოაჩენს თუ ზოგადად როგორ მუშაობდა ეს კომისია და რა დატვირთვა ჰქონდა ძალიან ბევრი პირის მონაწილეობას მასში და ხელმოწერას," - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.