არასოდეს ჩავრეულვარ ოპოზიციის დღის წესრიგში, არ მაქვს უფლება ხელისუფლების წინააღმდეგ მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას - ამ შინაარსის განცხადებას დავით კეზერაშვილი ავრცელებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა მელიას განცხადებასა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალური ქსელით ეხმაურება. კეზერაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთვნენ.
"პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არ მაქვს. არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას,"- წერს დავით კეზერაშვილი.
კეზერაშვილის სტატუსს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
არსებული საგარეო და საშინაო სიტუაციის გათვალისწინებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
"ახლა ჩემი მხრიდან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, ამასთან დაკავშირებით იქნება სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, ამიტომ მე იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ხდება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში და უკრაინასთან მიმართებაში, თავს შევიკავებ შიდა ოპოზიციური განცხადებების გაკეთებისგან. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები და გამწვავებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანი წითლიძესაც მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე სწორება უნდა იყოს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა კეზერაშვილზე.
"მე არ ვიყავი ჩართული არც იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ჰქონდათ მელიას და კეზერაშვილს, არც შემდეგ, როდესაც აღარ ჰქონდათ მოლაპარაკებები, შესაბამისად ეს უნდა ჰკითხოთ მელიას და კეზერაშვილს. მაგრამ ვიმეორებ, დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია და ამ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკით მივიღეთ ის, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ჩავიდა აფხაზეთში, რასაც კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, დღეს სწორება უნდა იყოს ამაზე და არა კეზერაშვილზე," - განაცხადა ანი წითლიძემ.