განმეორდება თუ არა ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტი - უკრაინა ნატოში განაცხადს შეიტანს და უკვე ოფიციალურად მოითხოვს ალიანსში დაჩქარებული წესით მიღებას, თუმცა პასუხი ბრიუსელიდან ფაქტობრივად უკვე მიღებულია. ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მაინც დაკეტილი. იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკის 2 საათში უპასუხა და შეახსენა, რომ ნატოში გაწევრიანებას სრული კონსენსუსი სჭირდება.
"ნატო კონფლიქტის მხარე არაა და ახლა ის უკრაინის სამხედრო დახმარებაზეა მობილიზებული" - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელისგან კიევმა დღეს მხოლოდ ერთი პირობა მიიღო - ომის დასრულებამდე სამხედრო დახმარების მიღება.
სტოლტენბერგის განცხადებამდე უკვე კეთდებოდა მსგავსი პროგნოზები. დასავლური მედია წერდა, რომ უკრაინის ნატოში მიღებას უფრო მეტი უთანხმოება მოჰყვება, ვიდრე ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში იყო, მთავარი მიზეზი კი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომია.
კიევში კი აცხადებენ, რომ უკრაინის დღევანდელი განაცხადით ალიანსს საშუალება ეძლევა, 2008 წელს დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს.