26 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - 65 წლის მამაკაცის ცხედარი მკვლელმა ქუჩაში დატოვა

მკვლელობა მოხდა თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე - მსხვერპლი 65 წლის დავით შერბაკოვია, რომელსაც შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელმა კვალის დაფარვა ცადა, ცხედარი სხვა ქუჩაზე გადაიტანა და იქ დატოვა. ის პოლიციამ მალევე დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები