19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
მოხდა უდიდესი ტრაგედია, ვუსამძიმრებ ოჯახს, 55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე - განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნია მოთავსებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, არასრულწლოვნები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

"მოხდა უდიდესი ტრაგედია და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატად. კონკრეტულად, 55-ე საჯარო სკოლაში, ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდენ დილიდან გაკვეთილზე. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, მშობლებთან," - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დღის ამბები