31 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
"გრინსერვისის" მეწილე ექსპერტიზის გაყალბებაზე - " ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ვინც ამ საქმესთან ოდნავ მაინც შემხებლობაში არის, ყველა დაადასტურებს ამას"

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. რამდენიმე წუთის წინ დროებითი დაკავების იზოლატორი გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა დატოვა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოზიციას პროცესზე დააფიქსირებს. უფლებადამცველის განმარტებით, მან გამოძიებას და სამართალდამცველებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა იმ 30 საათის განმავლობაში, რა დროსაც ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

"ბატონმა გიორგი ვახტანგაშვილმა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება და ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. მისთვის უცნობია, ამ ეტაპზე, რაში უნდა გამოხატულიყო მისი სამსახურეობრივი გულგრილობა. ფაქტებთან დაკავშირებით უშუალოდ ისაუბრებს სასამართლო განხილვის ეტაპზე, პირველად წარდგენილ სხდომაზე,“ - განაცხადა გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.

ლაშა ფურცხვანიძის და კიდევ სამი დაკავებულის ინტერესების დამცველი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მეტიც, ისინი ითხოვენ დაზუსტებას, თუ რას ედავება მათ გამოძიება.

"სამივე მათგანი, ამ ეტაპზე, თავს იკავებს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან. ისინი თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ, არ აღიარებენ ბრალს. ჩვენ არ ვიცნობთ ბრალის დადგენილებას და ინფორმაცია არ გვაქვს. არ მიიჩნევენ, რომ რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ყველა ის მოქმედება, რაც პროექტის ჯეროვნად შესრულებისთვის იყო საჭირო, განხორციელებულია თანმიმდევრულად. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადახვევას, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით," - აცხადებს შპს "გრინსერვის +"-ის წარმომადგენლების ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

"კურიერი" ასევე 2 ექსპერტის ინტერესების დამცველსაც ესაუბრა. ამირან გიგუაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხება და პასუხისმგებლობა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვაზე ეკისრებოდათ, ხოლო უსაფრთხოებასთან კავშირში არ იყვნენ.

"ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ ეთანხმებიან მათ რაიმე შემხებლობას, შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ლიცენზია, ისინი ამ ტიპის დასკვნას უბრალოდ ვერ გასცემდნენ. რაც შეეხება მათ მიერ გაცემული დაცვის შინაარსს, ეს არის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა, რამდენი გაიხარჯა და შეესაბამება თუ არა გახარჯული თანხა სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ხარჯთაღრიცხვას, სულ ეს არის. რაიმე მონაწილეობა შადრევნის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს, არის თუ არა დაცული შესაბამისი სტანდარტები, მაღალ ძაბვაზე თუ დაბალ ძაბვაზე მუშაობს - ეს შესაბამისი სპეციალისტების კომპეტენციის საკითხი არის ან უნდა ყოფილიყო, მაგრამ არანაირად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პირების კომპეტენციას ეს საკითხი არ მიეკუთვნება," - განაცხადა ექსპერტების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

დროებითი მოთავსების იზოლატორთან კომპანია "გრინსერვის +"-ის მეწილე კობა ხარშილაძე იმყოფება, რომელიც გამორიცხავს, რომ ექსპერტიზა გაყალბებული იყო. "კურიერთან" საუბრისას ის ამბობს, რომ კომპანია გამოძიების შედეგებით დაინტერესებულია და კომპანიის ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩვენი ინტერესი არის პირველ რიგში, რომ დადგინდეს სიმართლე, რეალურად რა მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ ექსპერტიზა არის გაყალბებული, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ვინც ამ საქმესთან ოდნავ მაინც შემხებლობაში არის, ყველა დაადასტურებს ამას. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ეს შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა ნამდვილად. სამართლებრივად მოულოდნელი იყო, მორალურად და გულწრფელად ვამბობ, ნამდვილად ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას," - აცხადებს კომპანია "გრინსერვის +"-ის მეწილე კობა ხარშილაძე.

9-ვე დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. დაკავებულები გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლიატორში გადაიყვანეს.

დღის ამბები