23 დეკემბერი 2024,   01:18
ვრცლად
საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებით გამოდის. ილია დარჩიაშვილმა დეპუტატებს საგარეო უწყების მუშაობის შედეგები გააცნო, მათ შორის ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ ახორციელებს.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.

უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არამხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. ომის დაწყების დღიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 400-ს აღემატება. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა 55 რეზოლუციას, გადაწყვეტილებას თუ დეკლარაციას.

საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში ჩამოსულ 28 ათასზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური პროგრამებისა და სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორის ამოქმედების გზით.

2022 წელს საქართველომ პრეზიდენტის დონეზე მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტში და ქვეყანა მიუერთდა სამიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ განცხადებას. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებდა ყირიმის პლატფორმის დამფუძნებელ შეხვედრაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში, რომელიც გაიმართება ზაგრებში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები