დავა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც სადაოა - მეუღლის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაციას თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ხსნიდა მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავა, თუმცა განაჩენს არ ეთანხმებიან დაზარალებული და ბრალდების მხარეები. ვერდიქტით კმაყოფილია პირველი ჩოგანი. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული მაინც გაამართლა.
"თქვენ მოისმინეთ სასამართლოს არგუმენტები, რომელიც არათუ იურისტებისთვის, არამედ ობიექტური პირისთვისაც არ არის დამაჯერებელი. როგორც ვიცით, პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. იმ შემთხვევაში თუ ეს ხარვეზები ქვეყნის შიგნით არ აღმოიფხვრება აუცილებლად ვიდავებთ საერთაშორისო დონეზე," - აცხადებს ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ანა თავხელიძე.
დაზარალებულის მხარის ადვოკატებისგან განსხვავებით, მოსამართლის განმარტებებს ზეპროფესიონალურს უწოდებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
"ქართულ მართლმსაჯულებას ვულოცავ ასეთ თამამ გადაწყვეტილებას, რომელიც გამომდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე," - აცხადებს ირმა ჭკადუა. მისი თქმით, ისინი მზად არიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესები სააპელაციო სასამართლოშიც დაიცვან.