19 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
რა მოხდა ლაღიძის ქუჩაზე - აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, გამოძიების კითხვებს კი მოწმეები პასუხობენ

ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებმა აფეთქების ხმა დილის 11 საათზე გაიგეს, ძლიერ ხმაურს კი წინ ურთიერთდაპირისპირება და ჩხუბი უძღოდა. კონკრეტულად, ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში და რას მოჰყვა კონფლიქტი, თვითმხილველებისთვის უცნობია. ადგილობრივები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ჩხუბში მონაწილეებიდან ერთმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ისროლა.

შემთხვევას 2 ლოკაცია აქვს - ლაღიძის და თაბუკაშვილის ქუჩები. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე ადამიანს შორის ჯერ ლაღიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მოხდა აფეთქება, ადგილობრივები ყვებიან, რომ დანაშაულში მონაწილე პირმა სავარაუდოდ ხელყუმბარა მანქანას და მასში მსხდომთ ესროლა, ავტომობილი კი, რომელსაც აფეთქების კვალი ეტყობა და ანასხლეტი ფრაგმენტები აქვს თაბუკაშვილის ქუჩაზე გაჩერდა. ორივე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

შემთხვევას 3 დაშავებული ჰყავს. მედიკოსების ინფორმაციით, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებში საკითხზე განმარტებები არ გაკეთდა. შედარებით მძიმეა ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით, ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება ასაფეთქებელი საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. გამომძიებლების კითხვებს უკვე უპასუხეს შემთხვევის თვითმხილველებმა.


დღის ამბები