ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
პარალელურად, პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აპირებენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართონ, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
"ნიკას თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მის მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ დაინახავენ.
"ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობაა საჭირო, გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობაა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? ერთიანობა. სანამ დიდ ერთობას არ დაინახავს, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ. არანაირი შეწყალება არ იქნება ხალხნო, ნუ გექნებათ ეს ილუზია. უზენაესში არანაირი სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი არ იქნება, სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ ნახავენ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირება იყო. მისი თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.