15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია - რა საკითხებს განიხილავენ პოლიტიკოსები ვიზიტის ფაგრგლებში და რა მოლოდინი აქვთ საქართველოში 

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია. ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ასევე  დაგეგმილია აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან. თბილისში უკვე კეთდება შეფასება, რომ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი - ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, მოხდება ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისარს უკვე ელოდებიან.

ამასთან, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ ევროკომისრის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა.

"ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა. შესაბამისად გაფართოების ევროკომისიის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება იმ ახლა შესაძლებლობებზე, რომელიც ახალმა რეალობამ მოუტანა საქართველოს. შეხვედრებზე საუბარი იქნება იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს. იმისთვის, რომ საქართველო ახლო მომავალში გახდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. შესაბამისად ევროპულ მხარეს, ქართული მხარე მიაწვდის ინფორმაციას 12 რეკომენდაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების და ზოგადად პროცესის მიმართულებით,"-აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

 

დღის ამბები