საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ, დღეს ბრიუსელში ორგანიზაციის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები იკრიბებიან. უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პარალელურად, მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო წარმოების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებში, რათა ორგანიზაციამ შეძლოს არამხოლოდ უკრაინის დახმარება, არამედ საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა იყოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, თავდაცვისთვის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე. თავდაცვის მინისტრებს დღეს შეუერთდება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რამდენიმე საათში მივა ევროკავშირის საბჭოში.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში წვრთნებს 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის.
"ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი იცვლება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, აშკარაა, რომ უკრაინის ომის შედეგები მთელ კონტინენტზე ვრცელდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისა და საერთო უსაფრთხოების პოლიტიკა. სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება საწვრთნელი მისია უკრაინის ჯარებისთვის, რაც რეკორდული დროა. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება დიდი ძალისხმევა უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ეს მისია იქნება უკრაინისადმი ჩვენი დიდი სამხედრო მხარდაჭერის საფუძველი," - განაცხადა ბორელმა.
კვიპროსის თავდაცვის მინისტრის, ხარალამბოს პეტრიდესის თქმით, კვიპროსს სურს უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალი, რომელიც გერმანიაში წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
"ჩვენ ერთიანი ვართ - ვებრძოლოთ ბიუროკრატიულ პროცესებს, რომ როგორც შესაძლებელია წინ წავიდეთ, გვსურს წამოვაყენოთ ინიციატივები, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე. სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ მისიას. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ შესაბამისი პერსონალი, რომელიც გერმანიაში წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. თვალს ვადევნებთ თუ რა ხდება უკრაინაში და ცხადია მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას. ვცდილობთ ვიპოვოთ გზები თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას," - განაცხადა პეტრიდესმა.