თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ელოდებიან ვენეციის კომისიის შეფასებას უკრაინაზე, რაც, მათი თქმით, იდენტური იქნება საქართველოს რეალობისთვის.
"იდენტური შინაარსის მქონე ტექსტზე ერთსა და იმავე პასუხს რომ არ გასცემს ვენეციის კომისია, ჩვენიც და უკრაინულიც არის ერთი და იგივე, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უკრაინის ნაცვლად საქართველო წერია," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ თბილისში გაავრცელა განცხადება სადაც განმარტებული იყო, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. უკრაინული მოდელი, რომლის ანალოგიც არის ქართული ოცნების მიერ შედგენილი პროექტი, კიევმა უკვე გადააგზავნა რეკომენდაციებისთვს ვენეციის კომისიაში, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.