29 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ

რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, პოლიციაში იკითხებიან თვითმხილველები და ინციდენტში მონაწილე მოზარდები. "კურიერთან" კომენტარს აკეთებს სკოლის დირექტორი, რომელიც ადასტურებს, რომ მომხდარში მისი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე 17 წლის არასრულწლოვანმა მეათე კლასის მოსწავლეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე საგამომძიებლო მოქმედებები გრძელდება. ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში და ზუგდიდის მთავარ სამმართველოში მშობლების თანდასწრების იკითხებიან ინციდენტში მონაწილე მოზარდები. მათ შორის არიან იმ სკოლის მოსწავლეები, რომლის მოსწავლეც იყო დაკავებული 17 წლის ბიჭი. 

"კურიერი" დღეს ესაუბრა სკოლის დირექტორს, ლია გრიგოლია ვერსიებზე ვერ საუბრობს. ის ამბობს, რომ კომუნიკაცია საკუთარ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ამ დრომდე არ ჰქონია, რადგან ისინი დადიან დაკითხვებზე. 

რაც შეეხება ბრალის წარდგენას, მას დაკავებული მოზარდი წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. 

დანაშაული, რომლის დროსაც საბა მამფორია ცივი იარაღით მოკლეს, 2 დღის წინ, ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ მოხდა. ინციდენტში, შელაპარაკებაში 30-ზე მეტი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. რა გახდა კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები