საქალაქო სასამართლოში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე გამოკითხეს გამომძიებლები, ექსპერტები და დაკავებულის მეგობარი გოგო.
ადვოკატის შეფასებით, მათ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. როგორც საქმეში არსებული ფარული ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობა ვაზისუბანში აპრილში მოხდა.
ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, რომ გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
"გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა ადგილზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გარდაცვლილების ავტოფარეხებში. ასევე ბრალდებულის მთელი დღის გადაადგილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია და გამოვიკვლიეთ სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერები,"-აცხადებს თამარ იაკობიძე.
რაც შეეხება უფლებადამცველის პოზიციას, გიორგი ანთაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოლოდინი არის, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
"დაიკითხა ბრალდების მოწმეები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ პირთა ჩვენებებით ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დადასტურდა. ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს ნამდვილად ის პირია, რომელსაც დღეს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ამ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ბრალდების მხარის მიერ არის წარდგენილი მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას,"-აცხადებს გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი.