26 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს

დღეს სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე აღმკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ადვოკატები ბრალდებულების პატიმრობის გადაწყვეტილების გირაოთი შეცვლას ითხოვენ. უფლებადამცველების განმარტებით, ამ ეტაპზე მათი ციხეში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

"თუ თეორიული შანსები დაპატიმრებისათვის პირველ ეტაპზე არსებობდა, ამ განვლილი თითქმის  ორ თვიანი ვადის განმავლობაში, ეს თეორიული არგუმენტები ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად, დაცვის შუამდგომლობა იქნება სასამართლოში, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულ ფურცხვანიძის მიმართ, ვინაიდან, მისი მხრიდან, არანაირი საფრთხე არ არის მოსალოდნელი, მისი თავისუფლებაში ყოფნა არანაირ რისკებს არ შეიცავს გამოძიებისათვის," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ იმ დოზის საფუძვლები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში იმყოფებოდეს, არ არსებობს.

"ჩვენს მიერ დადგება საკითხი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს. საფრთხე არც მანამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს, ვინაიდან, მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი საქმეზე უკვე მოპოვებულია, მიმალვის საფრთხეს, მისი მანამდე ქცევა სანამ ბრალი წაეყენებოდა, გამორიცხავს. თავად ცხადდებოდა, წარადგინა მტკიცებულებათა დიდი ნაწილი," - აცხადებს კახა წერეთელი.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირია დაკავებულია. მათ გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს ედავება - მათ შორის სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავება.

დღის ამბები