26 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ. უნდა გადაიყვანონ თუ არა ექს-პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ - საკითხი პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი კიდევ ერთხელ ხდება.

”ნაციონალურ მოძრაობაში” მსჯავრდებული სააკაშვილის პატიმრობის გადავადებაზე უარს პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მათ ბერკეტები არ გააჩნიათ. 

"იუსტიციის მინისტრის განცხადება არის პროვოკაციული, არის არაჰუმანური. ეთამაშება ცეცხლს პირდაპირ ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ სურათს ვერ აფასებს. თურმე უცხოეთიდან აქ ჩამოიყვანს ნებისმიერს და ამით იმკურნალებს მიხეილ სააკაშვილი, ეს არის სასაცილო, ვინაიდან, უცხოელებიც იყვნენ ბევრჯერ აქ. მას სჭირდება სხვა პირობებში მკურნალობა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ოპოზიციის მოთხოვნებს "ქართული ოცნება" კი სპეკულაციად აფასებს.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სამინისტრო მზად არის, დაუშვას ექიმების ჯგუფი და კომპეტენტური დასკვნა დაიდოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. 

"არა ერთი ჯგუფი ექიმებისა იყვნენ შესულები, ახლაც მზად არის სამინისტრო რომ დაუშვას ექიმების ჯგუფი და ერთხელ და სამუდამოდ, გაერკვეს და კომპეტენტური დასკვნა იქნეს დადებული. ისეთი, რომელიც შეიძლება შემდეგ სასამართლოში იქნეს წარდგენილი. პოლიტიკური განცხადებები, რასაკვირველია, არის შეუსაბამო იმ ვითარებისა, რომელიც შეიქმნა. იგი არის პატიმარი, მას ჩადენილი აქვს დანაშაულებები და ჩვენი სამედიცინო ბლოკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს წესრიგში,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ელოდება სახალხო დამცველიც.

"მე ველოდები სამედიცინო დასკვნას, ჩვენამდე ეს დასკვნა ჯერ არ მოსულა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, თუ ჩვენ ჩავთვლით რომ არის ნამდვილად ან სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს. ეს გაგვიკეთებია და არ გამოვრიცხავ, რომ თუ საჭირო გახდა, ეს გავაკეთოთ," - აცხადებს ნინო ლომჯარია.  

იუსტიციის მინისტრმა გუშინ განმარტა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მათ ბერკეტები არ გააჩნიათ და ოჯახს საქართველოში ნებისმიერი ქვეყნიდან სასურველი ექიმების ჩამოყვანა შესთავაზა.

დღის ამბები