საქალაქო სასამართლომ "ტვ პირველისა" და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ტელეკომპანია "პირველს" და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, ტელეკომპანიას დაევალა თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა.
თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა.
"ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძემ თითქოს მოიპარა 60 მილიონი ავტობუსის ტენდერებიდან. ჩვენ ამას ვამტკიცებდით, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ცილისწამება და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაცია და დაევალა ტელეკომპანიას და მაია მამულაშვილს ამ ცრუ ტყუილი ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც გავრცელდა," - აცხადებს კახა კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"სასამართლოს არ ჰქონდა ამ საქმეში არანაირი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი და მან ფაქტობრივად, უგულებელყო ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ჩვენი პრაქტიკა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ის რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს თან. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, ჩვენ გავყვებით ამ საქმეს ბოლომდე," - აცხადებს მარი კაპანაძე.