27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
ცენტრ "ემპათიას" დასკვნაში საუბარია ათამდე დიაგნოზზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება - დასკვნაზე 10-მა ქართველმა ექსპერტმა და 6-მა უცხოელმა სპეციალისტმა იმუშავა

ცენტრი "ემპათიას" მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია ათამდე დიაგნოზზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება. 194  გვერდიან დასკვნაში, რომელზეც 10-მა ქართველმა ექსპერტმა და ასევე 6-მა უცხოელმა სპეციალისტმა იმუშავა, საუბარია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექსპერტის შეფასებით, მას სხვადასხვა სიმპტომებთან ერთად, კუნთების განლევა, სახსრების კუნთების და ძვლების ტკივილი აღენიშნება. 

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლო რისკებზე დეტალურად საუბრობს.

"გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები - ნეიროფსიქიკური, გასტროენტეროლოგიური, ასევე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ, აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში კლება, კუნთების განლევა, სახსრების კუნთების და ძვლების ტკივილი. ასევე, ნაკაწრები მთელ სხეულზე, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და ინტოქსიკაციის კვალს. თქვენ იცით, რომ მასში აღმოჩენილი იქნა ლიმიტირებულ ზღვარზე მეტი ბისმუტი, ასევე მერკური, ანუ ვერცხლისწყალი და ბარიუმი. ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური დარღვევები და გამოსაკვლევი პირის ინვალიდიზაციაც. ცალკეული დიაგნოზები, ცალკე  და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება," - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს სასამართლოს მიმართეს, მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება ან მისი გადავადებაა. მიმართვის საფუძვლად ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები, სამედიცინო დასკვნას ასახელებენ.

დღის ამბები