24 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ჩხრეკა ეპარქიებში, ეკლესიებსა და მონასტრებში - რა ფასის გადახდა მოუწევთ მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშ მყოფ უკრაინელ სასულერო პირებს, რუსული მითითებების შესრულებისთვის

რაკეტები და ჭურვები ოკუპანტის ერთადერთი იარაღი არ არის. ე.წ "რუსული მშვიდობის" იდეის გავრცელებას აგრესორი ქვეყანა ეკლესიის მეშვეობითაც ცდილობს. სწორედ ამიტომ, ოფიციალური კიევი რელიგიურ სივრცეში რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებს ამოწმებს. უშიშროების სამსახური, ეროვნული პოლიცია და გვარდია ეძებენ ყველას, ვინც შეიძლება ჩართული იყოს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებებში. ვოლოდიმირ ზელენსკი რადას სპეციალური კანონპროექტის მომზადებასაც სთხოვს.

შემოწმება ტარდება უკრაინულ მართლმდადიდებლურ ტაძრებშიც. კიევის, ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიეს ოლქებში მიმდინარე კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათასობით პროპაგანდისტული მასალა და დიდი ოდენობით თანხა - რამდენიმე სასულიერო პირი კი დაკავებულია.

დაკავებული ტერიტორიების დათმობა უწევს რუსეთს ფრონტის ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქს ტოვებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი რუსული არმიის დიდი დანაკარგია. აგრესორს ცოცხალი ძალა და ტექნიკა ლუჰანსკსა და დონეცკში გადაჰყავს.

მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტის პოზიციებს კიდევ ერთხელ შეუტია. განადგურებულია 4 სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის 2 საცავი, საზენიტო-სარაკეტო სისტემა და მძიმე ტექნიკა. ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების დანაკარგს, ის მინიმალურია - აცხადებენ ზელენსკის აპარატში. მიხაილო პოდოლიაკი 100 000 დაღუპულ ჯარისკაცთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას შეცდომა უწოდა.

მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც. სუმის ოლქში იერიშს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა. აგრესორმა ინტენსიური ცეცხლი სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგო ობიექტებსს გაუხსნა. დაზიანდა საავადმყოფოს შენობაც. 24 საათის განმავლობაში სუმის ოლქის მისამართით ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.

ოკუპანტებმა 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი ხერსონის მიმართულებთ. დაიბომბა მატროსოვკა, კაჩკაროვკა და ზელენოვკაერთ-ერთი ჭურვი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 1 მშვიდობიანი - 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს რუსმა ჯარისკაცებმა ხარკივშიც.

სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილი გახდა მთავარი სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქში. რუსულმა არმიამ გამოიყენა ე.წ "გრადი" და სხვა მძიმე შეიარაღება.

მათ, ვისაც ოკუპანტები რაკეტებს ვერ ესვრიან, მუქარის შემცველ ამანათებს უგზავნიან. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს და საკონსულოებს სისხლით შეღებილი საჩუქრები გაუგზავნეს. ამანათებში ცხოველების თვალები იყო. ამის გამო უკრაინის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლკობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა.

დღის ამბები